• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საახალწლო სუფრის ძველი ტრადიციები

ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.
იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება.
ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.