• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

შეხვედრა ქართველ არმენოლოგთან, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან ნინო აფციაურთან

2019 წლის 10 აპრილს «ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ხიდების» პროგრამის ათი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ერევნის მხითარ სებასტაცის საგანმანათლებლო კომპლექსში შედგება შეხვედრა ქართველ არმენოლოგთან, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან ნინო აფციაურთან. იგი წაიკითხავს ლექციას თემაზე «ქართულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები» და უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს.
ნინო აფციაური დაიბადა ქ. თბილისში. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, არმენოლოგიის სპეციალობით.
ნინო აფციაური არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სომხური სკოლებისა და ჯავახეთის სომხური მოსახლეობისათვის სპეციალურად შედგენილი სახელმძღვანელოების ავტორი-ექსპერტი. მას ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებზე გამოცემული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წლების განმავლობაში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ის დეკანის მოადგილე და არმენოლოგიის კათედრის გამგე, კითხულობდა ლექციებს ძველ, ახალ და დასავლურ სომხურ ენებში, სომხურ ლიტერატურაში, სომხეთის ისტორიაში, სომხეთის ისტორიულ გეოგრაფიაში, ქართულ-სომხური ურთიერთობების, კავკასიის ხალხთა ისტორიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის საკითხებზე. მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა არმენოლოგიურ ცენტრებში ( ბულგარეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია და სხვა).
 
ნინო აფციაური 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2003 წლიდან არის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატი. ჰყავს მეუღლე და შვილი, 17 წლის ნიკოლოზ ოვსიანიკოვი, რომელიც სწავლობს ერევნის 29-ე სკოლაში.